ირაკლი ქარსელაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
16 მარტი 2024საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა.
საჯარო ლექციაზე - „განვითარებული ინფრასტრუქტურა და ძლიერი რეგიონები - საქართველოს გზა ევროპისკენ“ - მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებზე, მათ შორის, ქვეყნის თანაბარზომიერი და მდგრადი განვითარების პოლიტიკაზე; საქართველოს რეგიონული როლის გაძლიერებისათვის საერთაშორისო მაგისტრალური გზებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე; იმ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგებზე და გეგმებზე, რომელიც აუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს და ქმნის ინვესტიციების მოზიდვის მეტ შესაძლებლობას.
ირაკლი ქარსელაძემ სტუდენტებს გაუზიარა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების სპეციფიკა, ეტაპები, გამოწვევები და შედეგები; გააცნო მათ ქალაქებისა და სოფლების წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების, თანამედროვე საგანმანათლებლო, სპორტული, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების პროექტები; ისაუბრა მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე რეგიონული ცენტრების მშენებლობის გეგმებსა და დარგის განვითარების პერსპექტივებზე და პროექტების განხორციელებისას გასათვალისწინებელ ტექნიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით და სხვა ევროპული თუ საერთაშორისო სტანდარტებზე.
მინისტრმა აღნიშნა ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის და ისაუბრა დეცენტრალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე.
„მნიშნელოვანია სტუდენტებისთვის არა მხოლოდ ინფორმაციის გაზიარება, არამედ გამოწვევებზე საუბარი იმისათვის, რომ ეს გამოწვევები და მათი გადალახვა იყოს ჩვენთვის და ჩვენი მომდევნო თაობებისთვის გაძლიერების შესაძლებლობა. საინტერესო იყო სტუდენტებთან შეხვედრა და მათი კითხვებიც. ამასთან, არ შემიძლია არ აღვნიშნო განვითარების ის უზარმაზარი პროგრესი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. რამდენიმე ახალი შენობის მშენებლობა ასახავს იმ მასშტაბს და იმ დიდ მნიშვნელობას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და არა მარტო ქართულში, დამსახურებულ, ღირსეულ, ძალიან დიდ ადგილს უმკვიდრებს,“- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, KIU-ს ადმინისტრაციის თანამშრომლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ირაკლი ქარსელაძემ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ ალექსანდრე თევზაძესთან, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორ მიხეილ ჩხენკელთან და უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან ერთად, საუნივერსიტეტო ქალაქის ახალი სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსების მიმდინარე მშენებლობაც დაათვალიერა.